25-12-2017

ცხოველთა ახალი კომბინირებული საკვების საწარმო

ცხოველთა ახალი კომბინირებული საკვების საწარმო

ინტერვიუ კომპანია „ინვეტის“ დირექტორ
ბატონ დავით შალამბერიძესთან

 

(გამოქვეყნდა ჟურნალ “აგრარულ საქართველოში” №10 (18) ოქტომბერი 2012)

 

რამ განაპირობა კომპანია „ინვეტის“ მიერ ახალი საკვების მწარმოებელი მინი საწარმოს გახსნა?
კომპანია „ინვეტი“ საქართველოში ბიზნეს საქმიანობას 10 წელზე მეტია  ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში ვეტერინარიის სფეროში იგი ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად, რომელიც ეწევა არა მარტო სავეტერინარო მედიკამენტების, ვაქცინებისა და საკვები დანამატების იმპორტს, არამედ შპს „დავათთან“ თანამშრომლობის შედეგად წარმატებით ახორციელებს საკუთარი სამეცნიერო–საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შექმნილი მედიკამენტების წარმოებას.  ბუნებრივია, როგორც ნებისმიერი მზადი და განვითარებადი კომპანია, „ინვეტიც“  არ ცდილობს მიღწეულით დაკმაყოფილებას. არსებული ვეტერინარული ბაზრის შესწავლის შედეგად კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ახალი საკვების მწარმოებელი მინი საწარმოს შექმნა, რომელიც ქართველ ფერმერებს უზრუნველყოფს ხარისხიანი და იაფი პროდუქციით.
ვინ განახორციელა მინი საწარმოში ინვესტიცია?
რაც შეეხება საწარმოში ჩადებულ ინვესტიციას, იგი სრულად კომპანია „ინვეტმა“განახორციელა.  წარმოების გასაშვებად კომპანიას სრულად  ეყო საკუთარი რესურსი. თუმცა საწარმოს მოდერნიზაციის პროცესი მუდმივ მოქმედი პროცესია, რაც მომავალში სულაც არ გამორიცხავს მასში სხვა დაინტერესებული კომპანიების ჩართვასაც. რაც შეეხება აპარატურას, მათ მონტაჟზე, გაშვებასა და პერსონალის ტრენინგზე თურქი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტები  მუშაობდნენ.
როგორია საწარმოს საპროექტო სიმძლავრე?
საწარმოს  სიმძლავრეა 5 ტონა საკვების წარმოება 1 საათში. ვთვლი რომ მოცემულ ეტაპზე, ეს სავსებით საკმარისია.
რამდენად მრავალფერი ასორტიმენტის გამოშვება შეგიძლიათ?
საწარმო საშუალებას იძლევა ფრინველის ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით ფერმერებს შესთავაზოს სრულფასოვანი და ბალანსირებული საკვები. შესაბამისად, ვამზადებთ „პრესტარტის“, „სტარტის“, „გროუვერის“ და „ფინიშის“ ტიპის საკვებებს. ვცდილობთ შევცვალოთ არსებული ტრადიცია, რომელიც ფერმერის მიერ ფრინველის უსისტემო, დაუბალანსებელ კვებაზე იყო დაფუძნებული. როგორც პრაქტიკამ აჩვენა კვების თანამედროვე მეთოდიკის გამოყენება შესანიშნავ შედეგებს იძლევა.
რით განსხვავდება ახალი საწარმო საქართველოში არსებული ანალოგიური საწარმოებისგან?
უმთავრესი განხვავება ის არის, რომ მინი ქარხანაში დანერგილია პროგრამული მართვით უზრუნველყოფილი ყველაზე თანამედროვე აპარატურა.
ასევე აღსანიშნავია, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშორმლობის შედეგად მათ მოგვაწოდეს საკვების ისეთი რეცეპტურები, რომლებიც შემუშავებულია ევროპაში მოღვაწე წამყვანი ვეტერინარებისა და დიეტოლოგების მიერ.
მაღალ ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ გამოშვებული პროდუქციის ფასიც, რომელიც არსებულ ანალოგებზე 10–15%–ით იაფია.
რამდენად არის შესაძლებელი კლიენტის მიერ მოთხოვნილი რეცეპტურით მისთვის სპეცსაკვების დამზადება?
შეიძლება ითქვას, რომ ასეთ პრაქტიკას ვეწევით, ამისთვის საჭიროა შესრულდეს 2 პირობა:
1. შეკვეთა უნდა იყოს სოლიდური.
2. თუ  ფრინველი დაავადებულია და ჭირდება რეჟიმული და არა სტანდარტული კვება.
დაახლოებით  რამდენ პროცენტს შეადგენს ადგილობრივ ბაზარზე  შეძენილი ნედლეული და თუ არის შესაძლებელი ხვედრითი წილის გაზრდა?
ამ ეტაპზე, ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეულის 70% საქართველოში იწარმოება, მაგრამ ვცდილობთ, რომ მომავალში ეს პროცენტი კიდევ უფრო გავზარდოთ. რაც ადგილობრივი ნედლეულის მწარმოებლების გააქტიურებასთან ერთად  გამოიწვევს ჩვენ მიერ გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად სარეალიზაციო ფასის შემცირებას.რამდენად პოპულარულია „ინვეტის“ წარმოების მიერ გამოშვებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე?
როგორც ყველა ბაზარი, ქართული ბაზარიც დასაწყისში საკმაოდ ეჭვით არის გამსჭვალული ნებისმიერი ახალი და ნაკლებად აპრობირებული პროდუქციის მიმართ, მაგრამ 10 წლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული ფერმერების  ჩვენდამი ნდობის ხარისხი ოპტიმისტურად განგვაწყობს. ამასთან პოზიტიურია რეალიზებული პროდუქციის  თვიდან თვემდე გაზრდილი ბრუნვების დინამიკა და მადლიერი კლიენტურის რაოდენობა. ყველამ იცის, რომ „ინვეტის“ როგორც ბრენდის მაღალი ავტორიტეტის შენარჩუნება ჩვენი საქმიანობის უმთავრეს მიზანს წაროადგენს.
საკვები მარტო ფრინველისთვის მზადდება თუ შესაძლებელია დამზადდეს მაგალითად კურდღლის, ღორის ან სხვა შინაური ცხოველებისთვისაც?
ამ ეტაპზე, საკვებს მხოლოდ შინაური ფრინველისთვის ვამზადებთ, მაგრამ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, გვაქვს შემუშავებული სპეცრეცეპტურები, რომელიც ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს, როგორც კურდღლის, ასევე ღორის გამოზრდის პროცესში.
მოწმდება თუ არა გამოშვებული პროდუქციის პარამეტრები, აკმაყოფილებს თუ არა წარმოება დადგენილ სან–ჰიგიებურ პარამეტრებს?
რეგულარულად ტარდება წამოებული ნიმუშების კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიებში. ასევე პერმანენტულად მოწმდება გამოშვებული პროდუქციის ხარისხი, როგორც გამოშვების პროცესში, ასევე დასაწყობების შემთხვევაში.
რა გეგმები გაქვთ მომავალში?
კომპანია „ინვეტის“ ყველა თანამშრომელი კარგად აცნობიერებს, რომ „ვინც წინ არ მიდის, ის უკან რჩება, ადგილზე დგომა არ არსებობს“. ვაპირებთ კიდევ უფრო მეტ საზღვარგარეთულ კომპანიასთან დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები, გავზარდოთ წარმოებული მედიკამენტების ასორტიმენტი, გავზარდოთ ფერმერების სერვისული მომსახურეობის ხარისხი და გეოგრაფია, შევიმუშავოთ  დისტრიბუციის კიდევ უფრო მოქნილი და ოპტიმალური სქემები,  გავხსნათ ახალი ფილიალები.
გეგმები უამრავია, რომლებსაც იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი წარმატებით განახორციელებს.

 

დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.