ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება)
ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) - (Pestis africana suum) მაღალკონტაგიოზური, მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ჰემორაგიული დიათეზით, სხვადასხვა ორგანოებში დისტროფიული და ნეკროზული ცვლილებებით. ზრდასრულ ღორებში უფრო მეტადაა გამოხატული ციანოზური კანი, დაფარულია მუქი მოწითალო ფერის ლაქებით და სისხლჩაქცევებით, პირის ღრუს , საშოს, ანუსის და კონიუქტივიტის ლორწოვანი გარსები ციანოზურია, რიგ შემთხვევებში მათზე სისხლჩაქცევებია. ღორის ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი გროვდება ლიმფურ კვანძებში და აზიანებს ლიმფური უჯრედებით მდიდარ ორგანოებს, ღვიძლს, ელენთას, ფილტვებს, ძვლის ტვინს. დაავადების ამთვისებელია ყველა ასაკის და ჯიშის გარეული და შინაური ღორი. დაავადების აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსი, მიეკუთვნება ირიდოვირუსების ოჯახს, რომელიც განსხვავებულია ღორის კლასიკური ჭირის ვირუსისაგან იმუნობიოლოგიური თვისებებით და ხასიათდება მაღალი ვირულენტობის უნარით. ვირუსი მდგრადია გამოშრობის, გაყინვისა და ლპობის მიმართ, გაყინულ სისხლსა და შრატში ძლებს 5 წელზე მეტ ხანს, ხორცსა და ძვლის ტვინში 20 – 80 C ტემპერატურაზე 150 დღეს, შარდში - 60 დღეს, ხოლო ნიადაგში ვირუსი ინარჩუნებს ვირულენტობას 190 დღე.
დაავადების აღმძვრელის წყაროა დაავადებული და დაავადებამოხდილი ვირუსმატარებელი ღორი. ბუნებრივ პირობებში ღორის დასნებოვნება ხდება დაავადებული ცხოველის ჯანმრთელთან კონტაქტის დროს. უმთავრესად ცხოველი ავადდება ალიმენტარული გზით (დაინფიცირებული გადაუმუშავებელი ღორის სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის), საკვების ნარჩენების მიღებით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით დაზიანებული კანიდან და ვირუსის მატარებელი ტკიპების კბენით. ინფექციის წყაროა ასევე შენობები, რომელშიც იმყოფებოდა დაავადებული ღორი, სასაკლაოს, საწარმოს, ხორცის დამამუშავებელი საამქროების აღჭურვილობა - იარაღები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და სხვ. ვირუსის გადატანა შეუძლიათ მწერებს, ტკიპებს, ხოლო სხვადასხვა ცხოველები, ფრინველები, ადამიანი, მღრღნელები წარმოადგენენ აღმძვრელის მექანიკურ გადამტანებს.
აფრიკული ჭირის მნიშვნელოვანი თავისებურებაა დაავადების სწრაფი მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი (98–100%). პათოლოგიური პროცესის ხარისხის და სიჩქარისგან დამოკიდებულებით არჩევენ დაავადების ზემწვავე, მწვავე, ქვევმწვავე, ქრონიკულ და ლატენტურ ფორმებს. ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნების დროს 3-დან 15 დღემდე გრძელდება. დაავადება ვლინდება სხეულის ტემპერატურის უცაბედი აწევით (40,5–42,5), შემდეგ ვითარდება დეპრესია, მადის დაკარგვა, სისუსტე, ყურის ნიჟარის, ცხვირის სარკის, კიდურების შიგნითა ზედაპირის, მუცლისა და მკერდის ქვედა ნაწილების სიწითლე, ციანოზი, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლის დენა, დიარეა. ღორი კვდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან 2–3 დღეში. ზოგჯერ ცხოველი კვდება მოულოდნელად, დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გარეშე, გარდა ცხელებისა. გადარჩენილი ცხოველები რჩებიან ვირუსმატარებლებად. აფრიკული ჭირის ლატენტური ფორმა აღინიშნება აფრიკულ გარეულ ღორში, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება დარჩნენ ვირუსმატარებლები. სწორედ ეს განაპირობებს აფრიკული ჭირის რეზერვუარების წარმოშობას და მუდმივი ბუნებრივი კერების გაჩენას. დიაგნოზი ისმება კომპლექსურად ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათოლოგიურ ანატომიური ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე.
ღორის აფრიკული ჭირი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული ტრანსსასაზღვრო დაავადებაა ღორებში ლეტალობის მაღალი დონისა და მძიმე სოციალურ–ეკონომიკური შედეგების მიხედვით. იგი სწრაფად და მოულოდნელად ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მის წინააღმდეგ არც მკურნალობის საშუალება და არც ვაქცინა არ არსებობს. ვინაიდან დაავადების წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს, ანტისხეულების გამოვლენა ღორებში უდაოდ შეიძლება მივაწეროთ მათ ექსპოზიციას ბუნებრივი ინფექციისადმი.
ბრძოლის ღონისძიებები ღორის აფრიკული ჭირის დიაგნოზის დადგენის შემდეგ: მეურნეობა, რაიონი, რეგიონი ცხადდება არაკეთილსაიმედოდ და წესდება კარანტინი. ეპიზოოტიურ (ეპიდემიურ) კერაში მყოფ ყველა ღორს სპობენ უსისხლო მეთოდით. მოკლულ და მკვდარ ღორებს, ნაკელს, საკვების ანარჩენებს, ტარას და მოვლის საგნებს წვავენ და მარხავენ არანაკლებ 2 მეტრის სიღრმეში. პროფილაქტიკურ–საკარანტინო ღონისძიებები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით №348 14.07.2015წ. (ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ–საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესები).
ღორის აფრიკული ჭირი პირველად რეგისტრირებული იქნა 1903 წელს აფრიკის კონტინენტზე ხატჩეონის და სტოკმანის მიერ, ხოლო 1921 წელს კენიაში მონტგომერის მიერ ღორის აფრიკული ჭირი ოფიციალურად იქნა შესწავლილი და აღწერილი. მონტგომერის მიერ დადასტურებული იქნა ღორის აფრიკული ჭირის აღმძვრელის იმუნოლოგიური განსხვავება კლასიკური ღორის ჭირის ვირუსისაგან. მანვე შეისწავლა დაავადების აღმძვრელის გადაცემის მექანიზმი და აღმონჩდა, რომ გარეული აფრიკული ღორები (Phacochoerus aethiopicus) და პარაზიტები (Ornithodoros moubata) წარმოადგენენ ღორის აფრიკული ჭირის ევოლუციურად ჩამოყალიბებულ ბუნებრივ რეზერვუარს აფრიკის კონტინენტზე. შემდეგში დაავადება რეგისტრირებული იქნა აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებში – ანგოლა, ზამბია, კონგო, სენეგალი, მალავი, მოზამბიკი, კამერუნი, ნიგერია. მადაგასკარში ვირუსი მძვინვარებს 1997–1998 წლებიდან, ხოლო მავრიკიაში ინფექცია გავრცელდა 2007 წელს. ცხადია, რომ აფრიკის კონტინენტზე ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის მაღალი აქტივობა, სხვა რეგიონებში ინფექციის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენს.
აღსანიშნავია ის, რომ ღორის აფრიკული ჭირის აღმძვრელი უმრავლეს ქვეყნებში აღწევდა დაინფიცირებული შინაური და გარეული ღორებით, საკვები ანარჩენებით და Ornithodoros ჯგუფის ტკიპებით.
1957 წელს დაავადების აღმძვრელი ანგოლის რესპუბლიკიდან შეტანილი იქნა პორტუგალიაში, ხოლო 1960 წელს დაავადება ხელმეორედ გამოვლინდა და გავრცელდა ესპანეთის ტერიტორიაზე. ეს სახელმწიფოები აფრიკული ჭირის მიმართ რჩებოდნენ ენდემურებად 30 წლის განმავლობაში. იბერიის ნახევარკუნძულიდან დაავადება გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში: საფრანგეთი (1964;1967;1974წ.), მალტა (1978წ.), ბელგია (1985წ.), ნიდერლანდები (1986წ.). იტალიაში დაავადების აღმძვრელი პირველად აღმოჩენილი იქნა 1967 წელს, განმეორებით 1978–1984 წლებში, რის შემდეგაც სარდინიის კუნძული ჩამოყალიბდა დაავადების ბუნებრივი აღმძვრელის მეორე კერად. 1999 წლის ბოლოს დაავადებამ ხელახლა იფეთქა პორტუგალიაში, თუმცა ამჯერად მისი დაძლევა მალევე მოხერხდა.
ღორის აფრიკული ჭირი გამოვლენილი იქნა კუბაში (1971–1980წწ.), ბრაზილიაში (1978–1979წწ.), ჰაიტში (1978–1980წწ.), დომინიკის რესპუბლიკაში (1978–1980წწ.). ამ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მიზეზი გახდა კოლონიურ ქვეყნებთან ურთიერთობა (ანგოლა, მოზამბიკა). დაავადების აღმოფხვრა ამ ქვეყნებში მოხერხდა მხოლოდ ღორების მასობრივი განადგურების შედეგად.
ღორის აფრიკული ჭირი ყოფილ საბჭოთა კავშირში რეგისტრირებული იქნა გასული საუკუნის 70–იან წლებში ოდესის ოლქში და მოლდავეთში. ღორების მთელი სულადობა განადგურებული იქნა არამარტო დაავადების კერებში, არამედ 30 კილომეტრის რადიუსში.
საქართველოში დაავადება რეგისტრირებული იქნა 2007 წელს (მარტი–აპრილი) და მალევე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდა. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით საქართველოში ღორის აფრიკული ჭირის აღმძვრელი შემოტანილი იქნა სამხრეთ–აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან (მოზამბიკი, მადაგასკარი, ზამბია) შესაბამისი გენეტიკური ტიპის დადგენის საფუძველზე. სავარაუდოდ ვირუსი შემოტანილი იქნა დაინფიცირებული ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამზიდავ საზღვაო ხომალდზე მოპოვებული საკვები ანარჩენების არასწორად გამოყენების შედეგად.
ღორის სიკვდილიანობის პროცენტული დინამიკა საქართველოში ცხრილი №1
სომხეთში – დაავადება გავრცელდა 2007 წლის აგვისტო–სექტემბერში ტავუშისა და ლორეს ოლქებში. აზერბაიჯანში – დაავადება გავრცელდა 2008 წელს გაბალის, სუმგაითის, ასტარის და განჯის რაიონებში. რუსეთის – ტერიტორიაზე დაავადება გამოვლინდა 2007 წლის ნოემბერში. 2007–2010 წლებში რუსეთის ტერიტორიაზე აფრიკული ჭირი სულ რეგისტრირებული იქნა 11 რეგიონში და 2 ფედერალურ ოლქში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით ღორის აფრიკული ჭირის აღმძვრელი ამჟამად გავრცელებულია ბალტიისპირა ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა), პოლონეთში, უკრაინაში და რუსეთში (პენზის ოლქში). ცხრილ №2–ში წარმოგიდგენთ ღორის აფრიკული ჭირის ეპიზოოტიური (ეპიდემიური) კერების რაოდენობას შინაურ და გარეულ ღორებში 2010–2016 წლების მონაცემებით.
ქვეყნები
|
ღორის აფრიკული ჭირის ეპიზოოტიური (ეპიდემიური) კერების რაოდენობა შინაურ და გარეულ ღორებში 2010-2016 წლების მონაცემებით. |
||||||
2010 წ. |
2011 წ. |
2012 წ. |
2013 წ. |
2014 წ. |
2015 წ. |
2016 წ. |
|
პოლონეთი |
– |
– |
– |
– |
31 |
53 |
2 |
ლატვია |
– |
– |
– |
– |
161 |
741 |
142 |
ლიტვა |
– |
– |
– |
– |
45 |
119 |
24 |
ესტონეთი |
– |
– |
– |
– |
7 |
670 |
221 |
ბელორუსია |
– |
– |
– |
2 |
– |
– |
– |
უკრაინა |
– |
– |
1 |
– |
11 |
36 |
4 |
რუსეთი |
75 |
56 |
68 |
69 |
73 |
84 |
7 |
სომხეთი |
4 |
11 |
– |
– |
– |
– |
– |
ცხრილი №2
დღეისათვის არსებული ეპიზოოტიური (ეპიდემიური) სიტუაცია დიდ საფრთხეს უქმნის ევროპის ქვეყნებს. დაავადების ეპიზოოტიური (ეპიდემიური) რისკის ტრანსსასაზღვრო ფაქტორების გათვალისწინებით, რეგიონში შექმნილი ვითარება, გვიჩვენებს საფრთხის გაზრდის შესაძლებლობას და საშიში ვირუსის გავრცელებას არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ უფრო შორეულ ევროპის ქვეყნებში.
ღორის აფრიკული ჭირის გამოვლენა არაენდემურ ზონებში წარმოადგენს კატასტროფას მეღორეობის დარგისათვის შემდეგი მიზეზების გამო:
- მაღალი სიკვდილიანობა;
- მეღორეობის პროდუქციის ტოტალური აკრძალვა ექპორტ–იმპორტზე;
- დიდი დანახარჯები დაავადების აღმძვრელის გავრცელების საწინააღმდეგო და სალიკვიდაციო ღონისძიებებზე;
- ბუნებრივი კერის ფორმირება.
ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის შესაბამის სამსახურს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე უნდა ქონდეს რისკის ანალიზის სქემა (რისკის გამოვლენა, შეფასება, მართვა, ინფორმაციის გაცვლა–გავრცელება), რომლის რეკომენდაციას იძლევა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE). რისკის ანალიზის მიზანია: დადგინდეს, თუ რა არის დაავადების მიზეზი/გამომწვევი; რა გზით თუ საშუალებით ვრცელდება იგი; რამდენად სწრაფად და ფართოდ; რამდენად საშიშია (რა ზიანის მოტანა შეუძლია); რა საშუალებით არის მისი გავრცელების შეზღუდვა ან აღმოფხვრა შესაძლებელი; რა რესურსია საჭირო საგანგებო ღონისძიებათა ასამოქმედებლად; დიაგნოსტიკურ პროცედურებში და ბიოუსაფრთხოების წესებში რამდენადაა გათვალისწინებული სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასებები გაკეთდეს ყველა არსებული მონაცემებისა თუ ფაქტების ობიექტური განხილვის, ანალიზის საფუძველზე და შედეგები ყველა დაინტერესებული მხარისათვის (მათ შორის საზოგადოებისათვის) ხელმისაწვდომი იყოს.
უნდა გვახსოვდეს, რომ რისკები უცვლელი არ რჩება. ისინი იცვლებიან ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ცხოველთა ეპიზოოტიურ (ეპიდემიურ) დაავადებათა ევოლუცია და მსოფლიო მაშტაბებით გავრცელება, აგრეთვე ახალი დაავადებების განვითარება. რისკის ანალიზი უნდა განიხილებოდეს არა როგორც ერთჯერადი ღონისძიება, არამედ როგორც ღონისძიება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სისტემატურად გადახედვას და განახლებას.
ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კოდექსი (OIE) განსაზღვრავს, რომ ქვეყანა შეიძლება ღორის აფრიკული ჭირისაგან თავისუფალ ქვეყანად ჩაითვალოს მაშინ, როდესაც დამტკიცდება, რომ ღორის აფრიკული ჭირი ქვეყანაში წინა სამი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ეს პერიოდი 12 თვემდეა შემცირებული ადრე ინფიცირებული ქვეყნებისთვის, რომლებშიც სალიკვიდაციო ღონისძიებები უკვე განხორციელდა და დამტკიცდა, რომ არც შინაურ და არც გარეულ ღორებში დაავადების ნიშნები არ შეიმჩნევა. მაგრამ, დაავადებისგან თავისუფალი ზონის სტატუსის დასადასტურებლად რეკომენდებულია დამარწმუნებელი მტკიცებულებების მოპოვება და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება სავაჭრო პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის.
აქ ჩვენ შევეცადეთ მოკლედ აღგვეწერა მეტად საშიში ტრანსსასაზღვრო დაავადება, რომელიც სწრაფი გავრცელების ტენდენციით ხასიათდება. ღორის აფრიკული ჭირის ბუნებრივ პირობებში და ახალ ტერიტორიებზე გავრცელებამ დაადასტურა დაავადების აღმძვრელის ევოლუციურად ფორმირებული თვითგადარჩენის და სხვადასხვა პირობებში ადაპტირების უნარი. ინფექციის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ ღორის მწარმოებლებმა, ღორის წარმოების ყველა დონეზე, ძალისხმევა არ დაიშურონ იმისათვის, რომ გააუმჯობესონ ფერმაზე არსებული ბიოუსაფრთხოების პირობები. ამგვარადაა მხოლოდ შესაძლებელი გააკონტროლო ისეთი დაავადება, როგორიცაა ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება).
გურამი მელქაძე
კომპანია „ინვეტი“–ის მთ. კონსულტანტი
აკადემიური დოქტორი.